Tuesday, March 14, 2017

მოღვაწეობა

1889 წლის ოქტომბერში თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლის დირექტორმა, ალექსი ჭიჭინაძემ ექვთიმე თაყაიშვილი მიიწვია ბერძნულ და ლათინურ ენების მასწავლებლად. თაყაიშვილი შემდგომში სკოლის გამგე გახდა და გადააკეთა ის რვაწლიან გიმნაზიად. მას განუწყვეტელი ბრძოლა ჰქონდა კავკასიის სამოსწავლო ოლქის სამმართველოსთან, რადგან მათ თვალში გიმნაზია ქართული ნაციონალიზმის და ანტირუსული მიმართულების ბუდე იყო. ამავდროულად ასწავლიდა ლათინურს, ბერძნულს, ისტორიასა და გეოგრაფიას თბილისის სხვადასხვა სკოლებში. გიმნაზიის დირექტორის პოსტს თაყაიშვილი 1904 წლამდე იკავებდა.
1889 წელს, იგი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში გამგეობის წევრად შეიყვანეს. პარალელურად აქვეყნებდა ძველ ხელნაწერთა აღწერილობებს გაზეთ ივერიაში. ექვთიმე თაყაიშვილის პირველ სამეცნიერო ნაბიჯებს მტკიცე ნიადაგი მოუმზადა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ, რომელსაც ექვთიმე შეხვდა გიმნაზიაში მასწავლებლობის დაწყებიდან ერთ წელიწადში. 1889 წელს მათ ერთად დააარსეს საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი. ისინი ხშირად ერთად მოგზაურობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ერთად ეძებდნენ, კრებდნენ ძველ ქართულ საეკლესიო წიგნებს, ნივთებს, ხელნაწერებს, სწავლობდნენ და აბინავებდნენ მუზეუმში, მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე. პირველი ექსპედიცია მათ 1889 წლის 17 თებერვალს მცხეთაში მოაწყვეს. მცხეთიდან ექსპედიციამ 58 ხელნაწერი და 50 სიგელ-გუჯარი წაიღო. შეგროვებული მასალები საეკლესიო მუზეუმის მცველს, თ. ჟორდანიას ჩააბარეს. 1890 წელს, დიმიტრი ბაქრაძის გარდაცვლაების შემდეგ, ექვთიმე თაყაიშვილის ჟორდანიასთან კონფლიქტის გამო საეკლესიო მუზეუმს ჩამოშორდა.
ექვთიმე თაყაიშვილმა უამრავი ქართული ხელნაწერი შეისწავლა და გამოიკვლია,მათ შორის "პარხლის ოთხთვი", "ხელმწიფის კარის გარიგების"(რომელიც მან.ქართლში, მიტოვებულ სახლში იპოვა),"ამირანდარეჯანი" და მრავალი სხვა.
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ „ვეფხისტყაოსნის“ ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო, როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ თავმოყრილ „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერთა შორის უძველესი იყო 1646 წლის, რომელიც ვინმე კორინთელისაგან შეიძინა, ასევე მეფე გიორგი XI-ისათვის 1680 წელს მისი მდივნის მიერ გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი“. ეს ხელნაწერი გამოირჩევა თავისი მოხატულობით. ექვთიმე თაყაიშვილის დიდი დამსახურებაა გადარჩენა პელაგია წერეთლისეული „ვეფხისტყაოსნისა“, რომელიც სიუჟეტური მინიატურებით იყო დასურათებული.

1892 წელს ექვთიმე თაყაიშვილი ილია ჭავჭავაძეს განჯიდან თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაში ეხმარებოდა. მალე ექვთიმეს რედაქტორობით „წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა პირველი სრული კრებული.
1894 წლის ზაფხულში იმყოფებოდა ახტალაში და სწავლობდა ეკლესიებზე შემორჩენილ ქართულ წარწერებს.
ექვთიმე გიმნაზიაში ლათინურის გარდა უკვე ისტორიასა და გეოგრაფიასაც ასწავლიდა. დირექტორის ადგილი გათავისუფლდა და ექვთიმეს გიმნაზიის ხელმძღანელობა შესთავაზეს. 1894-1904 წლებში სწორედ ის განაგებდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიას, ყოველი საზაფხულო არდადეგების დროს კი აწარმოებდა არქეოლოგიურ გამოკვლევებს. 1895 წელს მან ილია ჭავჭავაძის ჩარევით ცოლად შეირთო ივანე პოლტორაცკის ასული ნინო. მათი მეჯვარეები ოლღა გურამიშვილი და ილია წინამძღვრიშვილი იყვნენ. ექვთიმეს მეუღლეს დიდი მამულები ჰქონდა ოქროყანასა და მთაწმინდაზე, სადაც ექვთიმეს ხშირად უყვარდა დასვენება.
1900-იანი წლების დასაწყისში ექვთიმე თაყაიშვილი ჩანს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მებრძოლთა რიგებში. 1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ თაყაიშვილმა უარი განაცხადა საკათალიკოსო საბჭოს წევრად არჩევაზე.

ექვთიმე თაყაიშვილმა სამგზის იმოგზაურა სამხრეთ საქართველოში. პირველი ექსპედიცია მოეწყო 1902 წელს. ექსპედიციაში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად მონაწილეობდნენ არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ალექსანდრე მამუჩაიშვილი. ახალციხისა და ახალქალაქის ზოგ ძეგლთან ერთად მაშინ მათ გამოიკვლიეს არტაანის ოლქის ძეგლები და კოლასა და ოლთისის ოლქის ნაწილი. მეორე ექსპედიცია 1907 წელს მოეწყო. ექსპედიციის წევრები იყვნენ არქიტქტორი ანატოლი კალგინი და მოყვარული ფოტოგრაფი ედუარდ ლიოზენი. ამ მოგზაურობის დროს ექვთიმე თაყაიშვილმა ინახულა და აღწერა თორთუმის ხეობის ზემო წელში მდებარე ექექის ტაძარი, ამ ტაძრის სამხრეთით მდებარე სოფელ სოხროთის ტაძარი, ოთხთა ეკლესია, პარხალი და სხვა მნიშვნელოვანი ძეგლები. ამ არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიცა პარიზში, 1930-იანი წლების მეორე ნახევარში. 1917 წლის ექსპედიცია დიმიტრი შევარდნაძესთან ერთად მოაწყო. მესამე ექსპედიციაში მონაწილეობდნენ ლადო გუდიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი, ანატოლი კალგინი, ანატოლი ზდანევიჩი.
საქართველოს სამეცნიერო-კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით დაარსებულმა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ, რომლის მიზანი საქართველოს ისტორიის, მისი ხალხის ყოფა-ცხოვრების, ხელოვნების ძეგლების შესწავლა იყო. საზოგადოების თავმჯდომარე თავად ექვთიმე თაყაიშვილი იყო 1921 წლამდე. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ფართო და ნაყოფიერი მუშაობა გაშალა. მრავალმხრივმა სამეცნიერო საქმიანობამ დიდი პოპულარობა მოუტანა საზოგადოებას. საზოგადოებამ შეაგროვა არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ხელნაწერები, ეკლესია-მონასტრების კედლებიდან გადმოღებული 73 ძველი ფრესკის პირი. ექვთიმე თაყაიშვილმა დააფუძნა ორი სამეცნიერო სერია „ძველი საქართველო“ და „საქართველოს სიძველენი“. იგი თავად იყო ამ სერიების ტომების შემდგენელი.
ექვთიმე თაყაიშვილი იყო არქეოლოგიური ექსპედიციის ორგანიზატორი ლეჩხუმსა და სვანეთში, მონაწილეობდა ვანის აკროპოლისის გათხრებში. ექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომს „მასალები კავკასიის არქეოლოგიისათვის“ მაღალი შეფასება მისცა რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიურმა საზოგადოებამ. 1911 წლის 28 მარტს იგი აღნიშნული საზოგადოების დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად იმთავითვე იყო არჩეული „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ კომისიაში. უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს გაიხსნა. ექვთიმე თაყაიშვილი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი იყო. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი პირველკურსელთათვის იყო და მოიცავდა საქართველოს სიძველეთმცოდნეობის შესავალს. ამასთან ერთად მეცნიერი კითხულობდა ეპიგრაფიკას და საქართველოს საეკლესიო ისტორიას.
ექვთიმე თაყაიშვილი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი 1917 წელს. ამავე წლის ნოემბერში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში. მისი ხელმოწერა დაფიქსირებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. თაყაიშვილის წინადადება იყო, რომ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის რესპუბლიკის საბჭო ეწოდებინათ, თუმცა უმრავლესობამ ეს აზრი არ გაიზიარა და ტერმინი პარლამენტი ამჯობინა. 1919-1921 წლებში იგი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან. ამ პარტიამ სულ 8 მანდატი მიიღო. 1919 წლის 18 მარტს თაყაიშვილი არჩეული იქნა კრების თავმჯდომარის მოადგილედ. 1919 წლის 22 ივლისს მას დაევალა ეკლესია-მონასტრების მდგომარეობისა და სიძველეების აღწერა. თაყაიშვილა სიძველეების აღწერასთან ერთად, მდიდარი ფოტომასალა შეაგროვა. თაყაიშვილი მთავრობისგან ითხოვდა ეკლესიისთვის მიწების დაბრუნებას, ფოტოების გამოცემას ალბომის სახით, ეკლესიების მოვლა-პატრონობას, ხოლო წირვა-ლოცვისას გამოუყენებელი სიძველეების დაბინავებას მუზეუმებში. 1920 წლის არჩევნების შემდეგ თაყაიშვილი კვლავ აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. იყო წევრი სატერიტორიო კომისიისა, რომელსაც სომხეთ-საქართველოს სადავო ტერიტორიების საკითხის შესწავლა ევალებოდა.

No comments:

Post a Comment